02:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 11:39:28, 2058 ნახვა

საზოგადოება
NDI: საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა და მხარდაჭერა დაბალია

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის თანახმად, საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა და მხარდაჭერა დაბალია.

კერძოდ, NDI-ს ცნობით, მოქალაქეთა მხოლოდ 32 პროცენტს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ; იმ ადამიანთა უმრავლესობა (59 პროცენტი), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე.

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2 პროცენტი დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; 47 პროცენტის აზრით - ნაწილობრივ ასახავს, 32 პროცენტის თქმით კი - საერთოდ არ ასახავს.

„ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კანონთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ მოქალაქეთა ასეთი დაბალი ინფორმირებულობიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ეს პროცესი მეტ დროს, განხილვებსა და კვლევას მოითხოვს. სასურველია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს განხილვების მაგიდას და შექმნას ინკლუზიური გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფართო სამოქალაქო ჩართულობა“, - აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარს (52 პროცენტი) სმენია იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც შვიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა; 44 პროცენტს არ სმენია ამ ინიციატივის შესახებ. მოქალაქეთა უმრავლესობისთვის (59 პროცენტი) მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც მათ ერთი უწყება უხელმძღვანელებს. მხოლოდ 16 პროცენტი უჭერს მხარს ამ სიახლეს. ამას გარდა, მოსახლეობის ნახევარს (45 პროცენტი) მიაჩნია, რომ ამ ცვლილებებს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე, 11 პროცენტს კი სჯერა, რომ გავლენა პოზიტიური იქნება.

„კვლევა ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და პრეზიდენტთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებებს მოქალაქეებიც აკრიტიკებენ.  მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი აფასებს ამ ცვლილებებს პოზიტიურად. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სასურველი იქნება, პარლამენტმა გააგრძელოს ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარშემო დებატები და განხილვები, რათა არაპოპულარული ცვლილებების წინასაარჩევნო პერიოდში ნაჩქარევად მიღება თავიდან აიცილოს“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მოსახლეობის ნახევარი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ცენტრალური მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 10 პროცენტი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას - 16 პროცენტი. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემები აქვს. ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არის გამოხატული თბილისში. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ შეხება ჰქონია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, თუმცა მათგან, ვისაც კომუნიკაცია ჰქონია, უმრავლესობა აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე ხალხი იყო კომპეტენტური და პატივისცემით მოექცნენ.

მოქალაქეებმა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელეს სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა/ინფლაცია და ჯანდაცვა; ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად დასახელდა გზები, გარემოს დაბინძურება, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და საგზაო მოძრაობა. თბილისში გარემოს დაბინძურება ადგილობრივი მნიშვნელობის ყველაზე დიდი პრობლემაა.

„მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ნეგატიური შეფასებები ჭარბობს თბილისში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებობს არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმისა და კორუფციის პრობლემები. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. კანდიდატებმა მოსახლეობას პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები უნდა შესთავაზონ, პარტიებმა კი თავიანთი კანდიდატები დიდი დაკვირვებით შეარჩიონ“, - აღნიშნა თორნტონმა.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics