|
2017-07-08 17:27:11, 2523 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუამ ბრიუსელში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
5-6 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით დონდუა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს, გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟან-კრისტოფერ ბელიარს, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურსა და სამოქალაქო დაგეგმარებისა და ქმედებების უწყების ხელმძღვანელს, კენეთ დინს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 28-ვე წარმომადგენელთან. მინისტრის მოადგილე შეხვდა ასევე კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ევროპის ოფისის დირექტორს, ტომას ვალოშეკს. ამასთან, დავით დონდუამმონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „რუსეთის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში“. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესში. განხილულ იქნა არსებული ინსტრუმენტებისა და ფორმატების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენების გზები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში და ხაზი გაესვა მანდატის შესაბამისად მისიის ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებას, მათ შორის, სოფელ ბერშუეთში ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებას. ხაზი გაესვა, რომ საოკუპაციო ხაზის გამაგრებას უმძიმესი ჰუმანიტარულ შედეგები მოაქვს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც კარგავენ წვდომას საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებსა და კარ-მიდამოზე. აღინიშნა, რომ თავისუფალი გადაადგილების, კერძო საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვა ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის რისკს. დავით დონდუამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია უარს ამბობს ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასა და შესრულებაზე და აბრკოლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე მოლაპარაკებებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)