|
2017-07-06 12:55:25, 1811 ნახვა
საზოგადოება
ინდოელი ქალი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - „არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც მე მომექცნენ“
ინდოელი ქალი ხუშბუ კაუშალი საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს. როგორც წერილშია ნათქვამი, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მესაზღვრეები მას რასიზმის ნიადაგზე დამამცირებლად მოექცნენ, უყვიროდნენ და უხეშად ელაპარაკებოდნენ. გარდა ამისა, ხუშბუ კაუშალი წერს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, საჭმელს და წყალს არ აძლევდნენ. "მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც საარსებო წყაროს სარეკლამო სააგენტოში მუშაობით პატიოსნად გამოიმუშავებს. წელს, შვებულების პერიოდში, გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი. მარტოხელა მოგზაური ქალებისთვის საქართველოს სამოგზაუროდ მაღალი შეფასება ჰქონდა, მისი ზოგადი ტოპოგრაფია და ისტორია საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მალევე მიმეღო. საქართველოში ჩემი ფრენა 29 ივნისს, ინდოეთის დროით 05:00 საათზე მუმბაიში დაიწყო, ხოლო თბილისში საქართველოს დროით 17:00 საათზე ჩამოვფრინდი. თან მქონდა დამოწმებული E ტიპის ვიზა, დამსაქმებლის წერილი, რომელიც ადასტურებდა, რომ შვებულებაში ვიყავი, რომლის დასრულების შემდეგაც უკან დავბრუნდებოდი, საბანკო ამონაწერი, რომელიც ჩემს ფინანსურ სტაბილურობას ადასტურებდა, სასტუმროს ჯავშანი, რომელიც ადასტურებდა, რომ ქვეყანაში ლეგალურად ვრჩებოდი, ასევე ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევა, იმისთვის, რომ თუ თქვენს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, რამე დამემართებოდა შესაბამისი დაზღვევა მქონოდა. საღად მოაზროვნე ადამიანი იფიქრებს, რომ მსგავსი მომზადების გათვალისწინებით ქვეყანაში ადვილად უნდა შევსულიყავი. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, საიმიგრაციო ოფისში პასპორტის კონტროლზე მთხოვეს, იმ დახლთან მივსულიყავი, სადაც ოფიცრები ჩემს საბუთებს შეამოწმებდნენ. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთმა ოფიცერმა ინტერვიუს დროს ქვეყანაში ჩემი ვიზიტის მიზანი მკითხა, დაათვალიერა ჩემი საბუთები და იხუმრა კიდეც. პროცედურამ სასიამოვნოდ ჩაიარა და შესაბამისად მოველოდი, რომ დასტურს მალე მომცემდნენ და უკვე იმაზე ფიქრიც დავიწყე, რამდენი დრო დამჭირდებოდა სასტუმრომდე მისასვლელად და ქალაქის დასათვალიერებლად სანამ დასაძინებლად წავიდოდი. მაგრამ ასე არ მოხდა. თქვენმა ოფიცრებმა დალოდება მთხოვეს, რაც საიმიგრაციო დეპარტამენტში ცივ არაკომფორტულ სკამზე 2-საათიან ლოდინად იქცა. თბილისში უკვე სამი საათის ჩამოსული ვიყავი და ჯერ არავითარი ინფორმაცია არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი სტატუსი გამერკვია, რა დროსაც მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. როცა მიზეზის ახსნა მოვითხოვე, მიყვირეს და მითხრეს, კუთხეში დავმჯდარიყავი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დამამცირებელი ღამის დასაწყისი. მას შემდეგ რაც მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ, ყოველ ჯერზე, როცა იმიგრაციის ოფიცრისგან ვცადე პასუხის მიღება, მიყვიროდნენ და უხეშად მეუბნებოდნენ კუთხეში ვმჯდარიყავი, რომ არავითარ განმარტებას არ მომცემენ, თუ რატომ არ მიშვებენ ქვეყანაში. არ ვიცოდი, რა დავაშავე, სად დავუშვი შეცდომა, რამდენ ხანს დამაკავებდნენ საიმიგრაციოში და როდის გამგზავნიდნენ სახლში. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ მარტო ვიყავი და გავაანალიზე, რომ მომატყუეს, თითქოს თქვენს ქვეყანაში მეგობრული მოქალაქეები ცხოვრობენ და მარტოხელა მოგზაური ქალებისთვის უმაღლესი შეფასება აქვს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მთელი ამ 6-საათიანი ლოდინის განმავლობაში წყალიც კი არ შემოუთავაზებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ოფიცრებს გამუდმებით ვევედრებოდი. ეს მოთხოვნა კი არა მუდარა იყო. გაუწყლოება დამემართა, მშიოდა, თავი და მთელი სხეული მტკიოდა გაუწყლოების, შიმშილის და 12-საათიანი მგზავრობის გამო. ღამის 12:00 საათზე, მას შემდეგ, რაც უკვე 7 საათი გავიდა ქვეყანაში ჩამოსვლიდან, უფლება მომცეს, საკვები და წყალი მეყიდა და მითხრეს, რომ ოთახში ვმჯდარიყავი, რათა სხვა მგზავრებს არ დაენახათ, თუ როგორ ექცევიან სინამდვილეში ადამიანებს თქვენი იმიგრაციის ოფიცრები. 2-საათ-ნახევრის შემდეგ თქვენმა ერთ-ერთმა იმიგრაციის ოფიცერმა, რომელიც ოთახში შემოვიდა, ყვირილი დამიწყო, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი და რომ ჩემი თვითმფრინავი მზად იყო. გამაქანეს თვითმფრინავისკენ და როდესაც პასპორტი მოვითხოვე, მითხრეს, რომ მას არ დამიბრუნებდნენ სანამ მუმბაიში არ ჩავფრინდებოდი. 9 საათი, რომელიც თქვენს ქვეყანაში გავატარე ყველაზე საშიში და ყველაზე უარესი 9 საათი იყო, რომელიც ცხოვრებაში მგზავრობის დროს გამიტარებია", - წერს ტურისტი. ქალის თქმით, ინდოეთში ჩასულს მას უთხრეს, რომ დეპორტაციის მიზეზი ცრუ ინფორმაციის წარდგენა იყო მგზავრობის მიზნების შესახებ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საქართველოს საიმიგრაციო ოფიცრები ინდოელი მოგზაურების 90%-ს ყოველდღიურად უკან აბრუნებს. "სახლში დაბრუნებულმა ვცადე, გამეანალიზებინა, თუ რა მოხდა და რატომ გამომაბრუნეს. ინდოეთის საიმიგრაციო ოფისმა მითხრა, რომ ჩემი გამობრუნების მიზეზი ცრუ ინფორმაციის წარდგენა იყო ჩემი მგზავრობის მიზნების შესახებ. მაინტერესებს, თუ რატომ დაასკვნა ასე მამაკაცმა, რომელმაც აეროპორტში გამომკითხა. ჩემი ყველა საბუთი კანონიერი იყო შეესაბამებოდა თქვენი სავიზო პორტალის მოთხოვნებს. სად შემეშალა? ჩემმა მეგობარმა, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საპირისპირო მტკიცება აღმოაჩინა, რომელიც მათ გადასცეს, თუმცა არ ასახულა, რომ ჩემი პასპორტი დაზიანებული და პოტენციურად კოპირებული იყო. მინდა, რომ ჩემი პასპორტი ნახოთ და მითხრათ, თუ რატომ აღმოჩნდა პრობლემური ჩემი პასპორტი, როცა ყველა სხვა შემთხვევაში, რაც კი მიმოგზაურია, პასპორტი ვარგისი იყო. ღრმა გამოძიებამ უფრო მწვავე პრობლემა წარმოაჩინა. შარაიაჰის სატრანზიტო ოფიცრებმა და ინდოეთის იმიგრაციის ოფიცრებმა მითხრეს, რომ თქვენი საიმიგრაციო ოფიცრები ინდოელი მოგზაურების 90%-ს ყოველდღიურად უკან აბრუნებს. მინდოდა მცოდნოდა, რა იყო ინდოელების მიმართ ასეთი ზიზღის მიზეზი იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს ინდოეთიდან საქართველოში ტურიზმი 80%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენმა ქვეყანამ ჩემი ხალხისგან მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო. იცით რა აღმოვაჩინე? საქართველოს მთავრობამ ინდოელი ფერმერები მიიწვია, რათა დაემუშავებინათ მიწა, რომელსაც ქართველი ხალხი ვერ ამუშავებდა. ინდოელების დიდმა ნაკადმა, რომელიც თქვენმა მთავრობამ მიიწვია, ზოგადად ინდოელების მიმართ უკმაყოფილება და ზიზღი გამოიწვია რაც, როგორც ჩანს, თქვენი ოფიცრების რასიზმში გამოიხატა. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყანა კოლოსალური იმედგაცრუება აღმოჩნდა. ჩემი აღტაცება, მომენახულებინა თქვენი მიწები, უადგილო აღმოჩნდა. ჯობდა, ჩემი დრო და ფული სხვაგან დამეხარჯა, სადაც ნამდვილად მეგობრულები არიან და ტურიზმი ადარდებთ. ასევე მინდა გთხოვოთ, მართოთ თქვენი მოქალაქეების მოლოდინები, რათა რასისტებად არ იქცნენ სხვა ქვეყნების მიმართ. სულ მცირე, რაც ჩემს მსგავსად დეპორტირებული ადამიანებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის რომ მათ ადამიანურად მოეპყროთ. განუმარტეთ მიზეზი, მიეცით წყალი და საკვები, დასასვენებელი ადგილი. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც მე მომექცნენ. ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ადმიანებმა და ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ და ერთმანეთს პატივი სცენ. ადამიანის ასე არაფრად ჩაგდება მხოლოდ უკმაყოფილებით და ბრაზით დასრულდება. ეს სამყარო ამას არ იმსახურებს. საუკეთესო სურვილებით, იმედია, ჩემს ქვეყანაში კარგ დროს გაატარებთ", - მიმართა ინდოეთის მოქალაქემ ელჩს.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)