23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 17:32:38, 2205 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი იქნება

საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი ამერიკული SSA Marine-ი გახდა.

მსოფლიოს უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine-ი მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ახდენს ოპერირებას და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. გარდა ამისა, SSA Marine-ი  მთელს მსოფლიოში 75 მილიონზე მეტ მშრალ ტვირთს ამუშავებს,  ახდენს საკრუიზო გადაყვანებს მექსიკასა და ამერიკაში, ხოლო ამერიკაში 30-ზე მეტ პირველი კლასის ინტერმოდალურ სარკინიგზო მაგისტრალს უწევს ექსპლუატაციას. 

„მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და გვიხარია, რომ ჩვენს მსოფლიო კლასის ისეთ პარტნიორებს, როგორებიც არიან კონტი ჯგუფი, ვან ოორდი თუ  სხვები, ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე კომპანია შეემატა. SSA Marine-ი   მსოფლიოს უმსხვილესი პორტოპერატორია და მისი ქართულ პროექტში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი და საეტაპო მოვლენაა",- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

"ჩვენ ვამაყობთ, რომ  ასეთი პერსპექტიული და ამბიციური პროექტის პარტნიორები გავხდით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური არის ის, რაც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს, რაც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში ტვირთების გაზრდასა და სამხრეთ კორიდორის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბობ ვოტერსმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. ამჯერად დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ამავდროულად დასრულდა მუშაობა პორტის დიზაინზე და დიზაინის პროექტს კონსორციუმი 2017 წლის 30 ივნისს მთავრობას წარუდგენს. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics