|
2017-06-16 12:47:06, 1738 ნახვა
პოლიტიკა
„რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით” - დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობა“ დააფუძნა
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა „შენების მოძრაობის“ სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაცია გამართა. ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას. მისივე თქმით, „შენების მოძრაობის“ ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებას, ძლიერ დემოკრატიული ინსტიტუტებს და ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს დაეფუძნება. „შენების მოძრაობის“ საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. ამასთანავე, „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას საკუთარ კანდიდატებს წარუდგენს . მოძრაობის ლოზუნგია: „რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით“. „შენების მოძრაობის“ სადამფუძნებლო პრინციპები: „შენების მოძრაობაში“ ვერთიანდებით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც, განსხვავებული წარსულის მიუხედავად, გვაქვს თანხვედრი დასკვნები და ხედვები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად: მიგვაჩნია, რომ მტრობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული საზოგადოებრივ- პოლიტიკური ურთიერთობები უკვე ოცდახუთ წელზე მეტია საშუალებას არ გვაძლევს საერთო ეროვნული პოტენციალი მივმართოთ მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამსახურში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად; ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში, ხოლო მზარდი საერთაშორისო არასტაბილურობა საკუთარი ქვეყნის უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე გვაყენებს; გვჯერა, რომ პატრიოტიზმი და პიროვნების თავისუფლება არათუ ურთიერთდაპირისპირებული ცნებებია, როგორც ხშირად წარმოგვიჩენენ, არამედ ორი ისეთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერი. შესაბამისად, ერთად უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურები შეასრულებენ; მიგვაჩნია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავიდან არ უნდა იწყებდეს სახელმწიფოს ახალ წელთაღრიცხვას, წინამორბედის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის ხელაღებით უარყოფას და ნგრევას. ამავე დროს, ქვეყნის შენება შეუძლებელია სახელმწიფოს განვითარების მკაფიო ხედვისა და პროგრამის გარეშე. ამიტომ ჩვენი კრედოა - რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით; გვჯერა, რომ ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ იდეოლოგიურ თუ პერსონალურ ნიადაგზე უფრო მეტად კი არ უნდა დაყოს საზოგადოება, არამედ ის უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრისტულ, გამაერთიანებელ ძალად, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პროცესს; ვთანხმდებით, რომ „შენების მოძრაობა“ უნდა შევქმნათ მოტივირებული მოქალაქეების ფართო თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია, რომელიც მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნებს და არა ლიდერთა ვიწრო ჯგუფის პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის არსებობს; გვწამს, რომ საქართველოს სჭირდება „შენების მოძრაობა“, ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და მისცემს მათ შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში; ვთანხმდებით, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკური და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და პრინციპების განუხრელ დაცვას: ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება; პრინციპულობა და არა სიჯიუტე; ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; კონკურენცია და არა მტრობა; კრიტიკა და არა შეურაცხყოფა; შემკრებობა და არა გამთიშველობა; კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა; დიალოგი და არა მონოლოგი; სიყვარული და არა სიძულვილი“, - აცხადებენ „შენების მოძრაობაში“.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)