|
2017-06-05 16:01:31, 2399 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის სტრატეგიული დისკუსიების დასკვნითი კომუნიკე კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, თბილისის სტრატეგიული დისკუსიების დასკვნით კომუნიკეს აქვეყნებს. შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე შესაძლო ზეგავლენის განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა “თბილისის სტრატეგიული დისკუსიების” ფორმატში გამართა საკონსულტაციო შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან¬¬. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, განხილვების სერიის შედეგად გამოიკვეთა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ინიცირებული ცვლილებების პროექტით. „საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 15 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე. 5 მაისს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი გატანილ იქნა საყოველთაო-სახალხო განხილვაზე. ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ცვლილებები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა განხილული ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე სტრატეგიული მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; აღნიშნული თემატიკა არც საყოველთაო სახალხო დისკუსიების დროს განხილულა. შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე შესაძლო ზეგავლენის განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა “თბილისის სტრატეგიული დისკუსიების” ფორმატში გამართა საკონსულტაციო შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან¬¬. განხილვების სერიის შედეგად გამოიკვეთა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ინიცირებული ცვლილებების პროექტით. პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა საჯარო შეხვედრების სერიამ „კონსტიტუცია ყველასია“ აგრეთვე დაადასტურა, რომ პროექტი შემდგომ დამუშავებას მოითხოვს და აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. “თბილისის სტრატეგიული დისკუსიების” მონაწილეების საერთო აზრით: საქართველოს ეროვნული უშიშროების სფეროში არსებული ვითარება, რომელიც დღესაც ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში არამც თუ არ გაუმჯობესდება, არამედ გახდება უფრო მოწყვლადი და ნაკლებ ეფექტიანი, რადგან კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი მკაფიოდ ვერ აყალიბებს უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის, დაგეგმვის, აღსრულებისა და აღსრულებაზე ზედამხედველობის სრულფასოვან და გამართულ სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ სისტემას. ასევე, უგულვებელყოფს უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის ფუნდამენტურ პრინციპებს. შედეგად, აღნიშნული ცვლილებების მიღება უარყოფითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობასა და მდგრადობაზე, დაასუსტებს სამოქალაქო-დემოკრატიულ კონტროლს. ეროვნული უშიშროების საბჭოს, ანუ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების მუდმივმოქმედი საკოორდინაციო ორგანოს კონსტიტუციიდან ამოღება, აუქმებს რეალურ დროში და განგრძობითად ეროვნულ დონეზე საკვანძო თანამდებობის პირების, მათ შორის უმაღლესი მთავარსარდლის თანამონაწილეობით უსაფრთხოების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას. შესაბამისად, უქმდება ინსტიტუტი, რომელიც სხვა ფუნქციებს შორის, საფრთხეების პრევენციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია“,-ნათქვამია კომუნიკეში, სადაც ასევე მოცემულია რეკომენდაციები: „იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ზემოაღნიშნული საფრთხეები და, საპირისპიროდ, მივიღოთ უფრო მდგრადი, მედეგი და ქმედუნარიანი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, დაცული უნდა იქნას შემდეგი ამოსავალი მიდგომები: კონსტიტუციამ ნათლად და არაორაზროვნად უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, აღსრულებისა და მასზე ზედამხედველობის მუდმივმოქმედი ინსტიტუციური სისტემა, ასევე კრიზისული და საგანგებო ვითარებების მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საფუძვლები; უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმები უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არსებული სისტემის და ხარვეზების გაანალიზების, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ნატოს პრიციპებთან თავსებადობის გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემაზე (სამხედრო ძალები, პოლიცია, სპეციალური სამსახურები) ქმედითი სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი; ეროვნული უსაფრთხოების სისტემა შესაბამისობაში უნდა იყოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის შედეგად წარმოქნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც უსაფრთხოების სისტემის მუდმივმოქმედ კოორდინაციას მოითხოვს; ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის ორგანიზაციის და სამხედრო აღმშენებლობის პოლიტიკის ფორმირება და სტრატეგიული დაგეგმარება უნდა ხდებოდეს ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე; ინსტიტუციურად, ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა მუდმივმოქმედი საკონსტიტუციო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ფუნქციები და საქმიანობის წესი ორგანული კანონით უნდა იყოს განსაზღვრული; ის უნდა უზრუნველყოფდეს თანამონაწილეობის პრინციპს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, კოორდინაციის და განხორციელებაზე ზედამხედველობის კუთხით, როგორც მშვიდობიანობის, ასევე კრიზისული თუ საომარი მდგომარეობების დროს; ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს ქვეყნის თავდაცვისათვის განკუთვნილი ძალების ტიპი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამხედრო ძალებზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი. ქვეყანას უნდა ყავდეს ერთი და ერთიანი შეიარაღებული ძალები, ხოლო მისი მოქმედების წესები და რეჟიმები, დემოკრატიული კონტროლის პრინციპების სრული დაცვით მკაფიოდ უნდა გაიწეროს ქვეყნის უზენაეს კანონში; უნდა გამოიკვეთოს უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მკაფიო კონსტიტუციური მექანიზმები, გამოირიცხოს პარალელიზმი და ფუნქციების დუბლირება; საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიამ დაგვანახა პარტიული პოლიტიკის მიღმა მყოფი ნეიტრალური და მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროება, რომელმაც, სხვა ამოცანებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და პროცესის მდგრადობა. რეკომენდაციები შემდგომი ქმედებების თაობაზე: იმის გათვალისწინებით, რომ პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, კონსტიტუციის ცვლილება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მართვისა და კონტროლის კონსტიტუციური მოდელი აბსოლუტურ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენს სახელმწიფოებრივ ამოცანებთან - საქართველო გახდეს ნატოსა და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო - აუცილებელია: ძირფესვიანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისათვის გამოყოფილი ვადების გადასინჯვა და ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მაღალი ლეგიტიმაციის მდგრადი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად; ფორსირებული რეჟიმში ცვლილებების განხორციელების საპირისპიროდ, პროცესის წარმართვა ამ სფეროს ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების უშუალო ჩართულობით, საფრთხეებისა და თანამედროვე გამოწვევების გაანაზილებისა და ნატოს უსაფრთხოების სისტემასთან სრული თავსებადობის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“,-აღნიშნულია თბილისის სტრატეგიული დისკუსიების დასკვნით კომუნიკეში, რომელაც ხელს აწერენ: ალაფიშვილი ლევანი - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; აქუბარდია თეონა - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; აგლაძე ზურაბ - თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი; ბარბაქაძე ალექსი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; ბაჩიაშვილი ნატო - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე; გაფრინდაშვილი პაატა - საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი; გოგუაძე გიორგი - "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) დირექტორის მოადგილე; დარჩიაშვილი დავით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; კაპანაძე სერგი - საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე (2011 წ. -2012წ.); ლექვინაძე ირაკლი - სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების ცენტრის დირექტორი; ლონდარიძე ტარიელ - სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების ცენტრი; ლორთქიფანიძე შორენა - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში; მაჭავარიანი ივანე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; მუჩაიძე გიორგი - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი; თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ნონიაშვილი გიორგი - ილიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი; რაქვიაშვილი დათუნა - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; რურუა ნიკოლოზი - იურისტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე 2004წ.-2009წ; სამადაშვილი სალომე - ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი; სიხარულიძე დავით - თავდაცვის ყოფილი მინისტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავჯდომარე; ტაბლიაშვილი ირაკლი - „Voice from Georgia“-ს თავმჯდომარე; ფორჩხიძე ირაკლი - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი; ქუთელია ბათუ - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე; საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; შარაშენიძე თორნიკე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი; ჩიტაძე ნიკა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; ხაინდრავა ივლიანე - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; ხარშილაძე ნოდარ - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი; ხიდაშელი თინათინ - თავდაცვის ყოფილი მინისტრი; სამოქალაქო ინიციატივა-ევროატლანტიკური არჩევანის თავმჯდომარე. კომუნიკე დაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, თბილისის სტრატეგიული დისკუსიებისმონაწილეებს, საქარტველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ვენეციის კომისიიას და ნატო-ს სამდივნოს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)