06:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 17:41:26, 2248 ნახვა

საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები სახელმწიფოს ვალის დაბრუნებას სთხოვენ

კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გამართეს. ისინი 90-იან წლებში  დაკარგული ქონების დაბრუნებას დღემდე ცდილობენ. დაზარალებულები პრემიერ-მინისტრს 2016 წლის 9 მარტს  გამოცემული  #419 განკარგულების შედეგს სთხოვენ:

„დაგვიბრუნონ ბინები. 90-იან წლებიდან დაზარალებულები ვართ, ამდენი წლები ვითხოვთ დაკმაყოფილებას. ჩვენმა ქვეყანამ ამხელა ომი რომ გადაიტანა, თანაგრძნობა გავუწიეთ, არ დავახრჩეთ და დაველოდეთ  ლტოლვილების გასტუმრებას. გავიდა წლები და ყველამ მიფარცხა ჩვენი საქმე. ყველა არჩევნებზე ვახსენდებით და სულ მოტყუებულები ვრჩებით. ჩვენ გაჭირვებაში გვძვრება სული. იმის ნახევარი მაინც მომცენ, რაც მეკუთვნოდა. ნუღა გვეუბნებიან 3-5 წელი მოითმინეთო. ყველა ემალებოდა მიშას, გადავიცვით მე და ჩემმა შვილმა მაიკები და დავრბოდით, ენთუზიაზმით ავირჩიეთ „ქართული ოცნება“. შეისყიდონ და მომცენ, თუ არ არის აშენებული ბინები“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

აქციის მონაწილეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი  გელა დონაძე  გაესაუბრა, რომელიც  კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ პროექტებს ხელმძღვანელობს.

მისი განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებული  წევრების  საქმეში დედაქალაქის მერი პირადადაა ჩართული  და რესურსის შესაბამისად, მათ დაკმაყოფილებას მაქსიმალურად ცდილობენ:

 „2016 წლის 9 მარტს  #419 განკარგულება მიიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ. მას ბატონი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს. ამ განკარგულებით ეთხოვა მუნიციპალიტეტს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ წევრთა დაკმაყოფილების თაობაზე. ჩვენ ამ განკარგულების ფარგლებში, მაქსიმალურად  დავიწყეთ ღონისძიებების გატარება. ეს იყო ინფორმაციების  გამოთხოვა შესაბამისი სამსახურებიდან- ეკონომიკის სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროდან და  სხვადასხვა  უწყებებიდან, რათა სრული ინფორმაცია და ერთიანი სურათი გვქონოდა, თუ რასთან გვქონდა საქმე. დადასტურდა, რომ არის 44 კოოპერატივი, რომელიც სამართლებრივი ფორმით  კოოპერატივად აღარ არსებობს, ანუ,  ჯამში 3 500 ოჯახის, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული წევრების დაკმაყოფილება დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის კისერზე აღმოჩნდა და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს ადამიანები ქონებებით დავაკმაყოფილოთ.  მათთვის განკუთვნილი ქონებები ამ განკარგულებაში ცალსახად ასახულია პირველ მუხლში-მათთვის განკუთვნილი ქონებები, ან შესაბამისად ალტერნატიული ქონებები იქიდან გამომდინარე, რომ  მათ წინამორბედებმა ქონებები სხვადასხვა ფორმით გაუსხვისეს. ჩვენ დავდექით ძალიან სერიოზული დილემის წინაშე. რესურსი მუნიციპალიტეტს აღარ აქვს  იმიტომ, რომ მათი ქონებები გაიყიდა და ალტერნატიული ქონებების მოძიება მოგვიწია. ეს ადამიანები ითხოვენ ბინებს, ასევე ინდივიდუალურად თბილისის ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებულ  მიწის ნაკვეთებს, სამოსახლო სახლისთვის, სააგარაკოდ. ვინაიდან ჩვენ ამის რესურსი არ გაგვაჩნია, ასეთი ნაბიჯი გადავდგით-იმ ქონებებს, რომლებიც პირობითად მდებარეობს საცხოვრებელ ზონა ექვსში, მაღალ ინტენსიობაში, სადაც შესაბამისად მომავალში კოოპერატივის  წევრების  ურთიერთობიდან გამომდინარე,  ინვესტორს დაინტერესება ექნება, საინვესტიციოდ ვფუთავთ ამ კონკრეტულ პროექტებს. მაქისმალურად ვეცადეთ, მოგვეძიებინა უძრავი ქონება, ან ბინები, რომ დაგვეკმაყოფილებინა ეს ოჯახები, ვინაიდან არიან ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები. ძალიან რთულია, მაგრამ სამწუხაროდ,  ჩვენ ამდენი ბინის რესურსი არ გაგვაჩნია და ეს ნაბიჯი ვერ გადავდგით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ,  ვცდილობდით,  საინვესტიციო კუთხით ეს პროექტები შეგვეფუთა და შეგვეთავაზებინა. 300-მდე ოჯახი დავაკმაყოდილეთ ამ განკარგულების ფარგლებში. კიდევ არაერთი პროექტი მზადდება.  საკმაოდ ბევრი ოჯახის დაკმაყოფილებას ვცდილობთ და ვგეგმავთ. მართლა ძალიან რთულია, როდესაც 27-28 წლის განმავლობაში ითმენენ, შევდივართ მათ მდგომარეობაში, ვცდილობთ, მაქსიმალურად  დავუდგეთ გვერდში და საინვესტიციოდ შევფუთოთ  ეს პროექტები, რომ მათ გადავცეთ, რათა ამ ქონებების გადაცემის შემდეგ, ისინი ჩიხში არ შევიდნენ და პრობლემა არ შეექმნათ სამომავლოდ ინვესტორთან. ინვესტორმა რომ არ უთხრათ, რომ თქვენ ბევრნი ხართ დასაკმაყოფილებლები, ჩემი კომერციული მიზანი არაა და ა.შ.  ვცდილობთ გათვალისწინებული იყოს პირველ რიგში მათი ინტერესები და შემდეგ ინვესტორების ინტერესები, რომელთანაც ისინი სამომავლოდ მათი შეხედულებებიდან გამომდინარე, ურთიერთობას დაიჭერენ. ბატონი მერი, დავით ნარმანია ამაში  ქტიურადაა ჩართული, ყველა შეტყობინებას, ყველა ზარს პასუხობს, მაქსიმალურადაა ორინეტირებული იმისკენ, რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ იმის შესაბამისად,  რა რესურსებიც გაგვაჩნია“,-აღნიშნა  „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა.

2016 წლის 9 მარტს გამოცემული  #419 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების საკითხის მოგვარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეთხოვა:  უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო 2 ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ;

 უზრუნველყოს გადასაცემი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

 უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება. 2. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთაც ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შემდგომ გადაეცემათ უძრავი ქონება.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოს ამ განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების დროს შერჩეული, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულებით გათვალისწინებული შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

ცნობისთვის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო ვალის შესახებ" 48-ე მუხლის I პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება აღიარებულია სახელმწიფოს საშინაო სავალო ვალდებულებად.

ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის N592 ბრძანებულებით დამტკიცებულია "საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა პროგრამა". 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics