2017-04-05 17:37:31, 1526 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი როსტომაშვილი: თბილისის გენგეგმის განხილვის პროცესში მეტ საჯაროობას ვისურვებდი
აპრილის ბოლოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტი უნდა განიხილოს, რომელიც კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ არის მომზადებული. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2015–2016 წლებში, საკითხზე რამდენიმე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებას კი, „თანხმობის დოკუმენტი“ უწოდა.
რამდენად შეიძლება ჩაითვალოს „თანხმობის დოკუმენტად“ და რამდენად მისაღებია ის ძირითადი აქცენტები, რაც გენგეგმის დღემდე გასაჯაროებულ ნაწილში არის წარმოდგენილი, ამის თაობაზე არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი გვესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, რა ძირითად მიმართულებებს უნდა მოიცავდეს თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა?
- გენგეგმის შემუშავება, საერთო ჯამში, ძალიან კარგი ჩანაფიქრია. ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რაც უკვე გაჟღერდა. საუბარია, რომ გაძლიერდება სარეკრეაციო ზონები, განვითარდება სატრანსპორტო ზონები. ჯერჯერობით კარგი აქცენტებია, ვნახოთ საბოლოოდ რა იქნება. პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ცოტა გრძელვადიანი პროექტია. მგონია, რომ 2030 წელი ცოტა დიდი ვადაა ამის განხორციელებისთვის.
- წარმოდგენილი და უკვე გასაჯაროებული ინფორმაციიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, თუ პასუხობს თბილისის განაშენიანების გენგეგმა იმ მოთხოვნებს, რაც ჩვეულებრივ ასეთ მასშტაბურ პროექტში უნდა იყოს?
- დიდი ხანია საუბარი მიდის და სწორი მიმართულებაა, რომ ქალაქს ექნება რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცენტრი. პირობითად, გლდანის მაცხოვრებელმა ცენტრის მომსახურება რომ მიიღოს თავისუფლების მოედნისკენ გასვლა არ უნდა დასჭირდეს. ანუ, იგივე ინფრასქტრუქტურა უნდა იყოს გარეუბნებშიც, რაც ცენტრშია. იქნება ეს საკონცერტო დარბაზები, სპორტული ობიექტები თუ ა.შ. ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ აშენდეს ხუთი დამოუკიდებელი ქალაქი, ესეც სწორი მიმართულებაა. ასე რომ , ვფიქრობ, რაც უკვე ითქვა აბსოლუტურად სწორია, უბრალოდ, არ ვიცი როგორ სახეს მიიღებს ეს კონცეფცია საბოლოოდ.
- თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში არის თუ არა გათვალისწინებული ახალი საცხოვრებელი ზონების მდებარეობა? როგორც ვიცით, საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე.
- ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ერთი შენიშვნა მაქვს. მგონია, რომ დღეს თბილისის მოსახლეობა მილიონ სამასი ათასია არა იმიტომ, რომ თბილისი მილიონსამასიათასიანი ქალაქია, არამედ იმიტომ, რომ რეგიონებში სამუშაო ადგილები არ არის, ხალხი წამოსულია თბილისში. ჩვენ თუ რეგიონებს განვავითარებთ და იქ იქნება ნორმალური სატრანსპორტო საშუალებები და გზები, თბილისის განტვირთვა მოხდება. მაგალითად, ჩვენ თბილისში გვინდა ესტაკადების გაკეთება რადგან საცობებია, მე ამას სხვანაირად ვუყურებ, იქნებ ესტაკადა კი არ გავაკეთოთ, სოფლის მეურნეობაში ჩავდოთ თანხა, განვავითაროთ ის და ეს ესტაკადა აღარ დაგვჭირდება. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ სხვა ქალაქებსაც კარგად განვავითარებთ.
- რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი? როგორც ვიცით, დღეს ქალაქი სიმაღლეში იზრდება, ანუ მშენებლობები ვერტკილურად ვითარდება.
- მგონია, რომ ქალაქი არ უნდა გაიზარდოს. თბილისში ძალიან ბევრია ბარაკული განაშენიანება, მაგალითად, ეს არის ისანში, სამგორში, დიდუბეში და ა.შ. უზარმაზარი ტეროტორია უჭირავს ერთსართულიან ბარაკულ განაშენიანებებს, რომელიც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით მთაწმინდაზე, სოლოლაკსა და აღმაშენებელზე, რომელიც ისტორიული ღირებულებისაა.
- გენგეგმა უნდა ითვალისწინებდეს თუ არა ისტორული უბნების კონსერვაციის და რესტავრაციის მიმართულებებს?
- რა თქმა უნდა, თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ისტორული უბნების კონსერვაციის და რესტავრაციის მიმართულებებს და ვფიქრობ, ეს ამ გენგეგმაშიც იქნება გათვალისწინებული.
- რამდენად დამაკმაყოფილებელია გენმგმაზე მუშაობის პროცესში საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა და თუ არ არის დამაკმაყოფილებელი თქვენი აზრით რა მიმართულებით უნდა წარიმართოს ეს პროცესი?
- ამ პროცესში მეტ საჯაროობას ვისურვებდი. მგონია, რომ რაღაც ეტაპების განხილვა უფრო ხშირად უნდა მოხდეს. ვინმეს თუ არ მოსწონს ეს გენგეგმა ამის გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ შეიძლება ეს ვერ მოხდეს, რადგან საქმე უკვე შორს არის წასული. ამიტომ, მგონია, რომ შეცდომა რომ არ გაგვეპაროს უფრო მეტი ხალხი იყოს ამ პროცესში ჩართული.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|