2017-03-31 18:06:50, 1311 ნახვა
საზოგადოება
EMC: ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა
EMC (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო ჩადების საქმეებს ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა და აღნიშნული მექანიზმი გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციითაც.
EMC მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ საქმეებში არსებულ შესაძლო დარღვევებზე და დროულად და ეფექტურად განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები, რათა საზოგადოებაში არ იყოს მუდმივი კითხვები სამართალდამცავების მოქმედების ლეგიტიმურობისა და კანონიერების თაობაზე.
"ბოლო დღეებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე საქმის შესახებ, რომელიც პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო ჩადებას, ან ჩადების მუქარას და უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება.
სამწუხაროდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა და აღნიშნული მექანიზმი გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციითაც. სამწუხაროდ მედიით გავრცელებული ბოლოდროინდელი ინფორმაცია აღძრავს ეჭვებს იმგვარი პრაქტიკის შესაძლო გამოყენების შესახებ, როგორიცაა:
ადამიანის უფლების შემზღუდავი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;
დაკავებისა და ჩხრეკის დროს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება და კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა;
საქმის ზედამხედველი პროკურორის მიერ მისთვის დაკისრებული საზედამხედველო ფუნქციების არაეფექტურად განხორციელება და საგამოძიებო უწყებების მხრიდან საქმეში არსებულ შესაძლო უკანონობებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირების განუხორციელებლობა;
სასამართლოს მხრიდან მაკონტროლებელი ფუნქციების არაჯეროვანი განხორციელება.
არსებული ნარკოპოლიტიკა პოლიციას კვლავაც აძლევს მოქალაქეებზე მანიპულირების შესაძლებლობას, რასაც ხელს უწყობს არაადეკვატურად მკაცრი სანქციები, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები და ზოგადად სამართალდამცავ სისტემაში არსებული დაუსჯელობის პრობლემა. ამ ფონზე, მოქალაქეები ხშირად უარს ამბობენ მათთვის მინიჭებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების სრულყოფილად გამოყენებაზე, ან მათ საქმეებში არსებული დარღვევების საჯაროდ განცხადებაზე, რაც კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს და ბუნდოვანს ხდის აღნიშნულ პრობლემას.
ბოლო პერიოდში სამართალდამცავთა მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო ჩადების ფაქტებზე გახშირებული განცხადებების ფონზე, EMC გეგმავს შეისწავლოს ყველა აღნიშნული საქმეები და საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგინოს დასაბუთებული მოსაზრებები ამ საქმეებში არსებულ შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით. ამავდროულად, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ საქმეებში არსებულ შესაძლო დარღვევებზე და დროულად და ეფექტურად განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები, რათა საზოგადოებაში არ იყოს მუდმივი კითხვები სამართალდამცავების მოქმედების ლეგიტიმურობისა და კანონიერების თაობაზე", - წერია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან