2016-06-08 13:53:56, 526 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ე.წ. გერმანულ მოდელზე სავარაუდოდ პარასკევს, პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა მოითხოვა, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე პარასკევს, პლენარულ სხდომაზე იმსჯელონ.
ბერძენიშვილის თქმით, განხილვის შემთხვევაში ე.წ. გერმანული მოდელი დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ საკითხად უნდა შეიტანონ.
„იქნებ, პარასკევის სხდომისთვის დავამატოთ ე.წ. გერმანული მოდელის განხილვის საკითხი. თუ განხილვა შედგა, ეს საკმაო დროს წაიღებს და ეს საკითხი ერთ-ერთ პირველ საკითხად შევიტანოთ დღის წესრიგში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან