|
2026-07-31 15:34:42, 280 ნახვა
პოლიტიკა
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
პარასკევს ჰამასმა განაცხადა, რომ დათანხმდა ისრაელთან ომის დასასრულებლად შემუშავებულ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს დებულებებს მისი განიარაღების და ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების ეტაპობრივი გაყვანის შესახებ. ისრაელის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს მისი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულების შემდეგ საფეხურზე გადაყვანას, „ყურადღებით სტრუქტურირებულ ეტაპებად“ განხორციელდება. ტრამპს პროცესის დასრულების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. შეთანხმება, რომელსაც ტრამპმა Truth Social-ის პოსტში „მონუმენტური ნაბიჯი“ უწოდა, აშშ-ის შუამდგომლობით გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ცხრა თვის შემდეგ შედგა. „ეს შეთანხმება გადამწყვეტი ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზა საბოლოოდ იმართებოდეს ახალი პალესტინური მთავრობის მიერ, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მშვიდობის საბჭოსთან პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ამავდროულად, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რომელსაც იმსახურებს, და ღაზა აღარ იქნება გამოყენებული ტერორისტული თავდასხმების ბაზად.“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა ასევე ითვალისწინებს პალესტინაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის მოსვლას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის ხელმძღვანელობით, რომელიც გაუძღვება ღაზას აღდგენის ძალისხმევას. ისრაელის ომმა ღაზაში, რომელიც დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ჰამასის შეჭრის საპასუხოდ, სულ მცირე 73,000 პალესტინელი იმსხვერპლა, მათგან დაახლოებით 1200 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ღაზი ჰამადმა, ჰამასის მოლაპარაკებების დელეგაციის წევრმა, განაცხადა, რომ განიარაღება დამოკიდებულია ისრაელის ღაზიდან გასვლასა და პალესტინის ტერიტორიის აღდგენის პროცესის პროგრესზე. Al Jazeera-მ მიიღო ხუთშაბათის შეთანხმების ასლი, სადაც აღნიშნულია, რომ განიარაღების ზუსტი საგზაო რუკა უნდა მომზადდეს 14 დღის განმავლობაში. Al Jazeera-ს მიერ მოპოვებულ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ განიარაღების პროცესი დაიწყება ღაზაში ეროვნული კომიტეტისა და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესვლით. ეროვნული კომიტეტი შემდეგ ზედამხედველობას გაუწევს „ინვენტარიზაციისა და შენახვის“ პროცესს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ იარაღი არ უნდა გადაეცეს ისრაელს ან რომელიმე არაპალესტინურ ორგანოს და რომ ეროვნული კომიტეტი იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც ღაზაში იარაღს ფლობს. „პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა“, ღაზაში მოქმედმა კიდევ ერთმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, განაცხადა, რომ ცნობები ფრაქციებსა და ისრაელს შორის შეთანხმების შესახებ არაზუსტია.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)