|
2025-06-19 19:56:10, 1081 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ხვალ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს განიხილავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. “ქართული ოცნების“ კანონპროექტის პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე განიხილავენ. ცვლილებები ხუთ კანონში შედის. იცვლება “სისხლის სამართლის კოდექსი“, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონი და “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია “სისხლის სამართლის კოდექსის“: - 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის “გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც - ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)