13:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-07 10:52:44, 815 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები

ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა კვლავ ხდება რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სასურველი მიზანი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კვლავ უნდა აქციონ დიპლომატია ურთიერთგაგების, მშვიდობის დამყარებისა და თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს საშუალებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.

„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად ვხედავთ, რომ დიპლომატია გამოიყენება არა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ როგორც პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გაღვივებისთვის და არა მათ გადასაჭრელად.

სახელმწიფოებს მრავალი საშუალება აქვთ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უკმაყოფილების გამოსახატავად, მაგრამ როდესაც დიპლომატია არა უთანხმოების გადასაწყვეტად, არამედ მის გასაღრმავებლად გამოიყენება, ჩვენ ვართმევთ შანსს მშვიდობასა და თანამშრომლობას, რამაც მსოფლიო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

როდესაც ვხედავთ, რომ აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, იდეოლოგიური მიზნებისთვის ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად, და “რევოლუციის” გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობასაც კი, გვახსენდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, “მსოფლიო რევოლუციის” წახალისებას ისახავდა მიზნად.

როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები თავიანთ უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ჩვენი ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. ქართველებს, საბჭოთა პერიოდიდან, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ, „მეორე მდივანს“, დანახვისთანავე ვცნობთ.

გარდა ემოციური განზომილებისა, არსებობს აღნიშნული საკითხის სამართლებრივი ასპექტიც: „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ხაზს უსვამს დიპლომატების უფლებებსა და მოვალეობებს, როდესაც განსაზღვრავს, რომ „დიპლომატიური მისიების ყველა წარმომადგენლის მოვალეობაა… პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. მათ, ასევე, აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში“, – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვუყურებთ, ღიად ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

,,კონკრეტული პოლიტიკოსებისადმი პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატვა, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დაფინანსება, პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის პრეტენზიის გამოხატვა – ეს არის იმ საქმიანობის არასრული სია, რომლებიც საქართველოში ზოგიერთი უცხოური მისიისა და დიპლომატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

არ არსებობს პრივილეგია პასუხისმგებლობის გარეშე. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათ კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ასეთი კრიტიკა კი ვერ იქნება განხილული „თავდასხმად“. ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით, დიპლომატებმა თავი არ უნდა გააიგივონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური მიკერძოებულობა და ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს.

ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები. პირადი დამოკიდებულებებისა და პროფესიული მოვალეობების აღრევა დიპლომატიური ურთიერთობების არსს ეწინააღმდეგება. როგორც ვენის კონვენციაშია აღნიშნული, „მიმღებ სახელმწიფოსთან ყოველგვარი ოფიციალური საქმიანობა, რომელიც მისიას წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან ევალება, უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან მისი მეშვეობით“. როდესაც დიპლომატები, მათი საეჭვო ქმედებების გამო, ვერ ახერხებენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ ინსტიტუტებთან სათანადო კომუნიკაციას და, სანაცვლოდ, პროპაგანდას ეყრდნობიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატის როლზე უარის თქმა და მასპინძელი საზოგადოების საკუთარ გემოვნებაზე მორგების მცდელობა.

ისტორიის ამ ტურბულენტურ პერიოდში, დიპლომატიის თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება უდიდეს სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს,“- წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics