17:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 15:08:43, 652 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე - გაწევრიანების პროცესში პროგრესს უნდა მივაღწიოთ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე. გაწევრიანების პროცესში პროგრესს უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

შოლცის თქმით, ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება და ახლა ამას ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით განიხილავენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ", - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო გაფართოების პაკეტზე მსჯელობას იწყებს. გაფართოების პაკეტი, რომელიც 10 ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს. 

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.

ამასთან, გუშინ, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics