02:12 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 09:50:56, 1022 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ რიში - თუ საქართველოს სურს EU-ში გაწევრიანება, მთავრობამ პირობები აქტიურად უნდა შეასრულოს

თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მისმა მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

რიშის თქმით, საქართველოს ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები, ხოლო რაც შეეხება ხელისუფლებას, მან ხალხის სურვილები არ გაამართლა.

"კომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველო დასახელდეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. საქართველოს ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მისმა მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება - უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ", - განაცხადა რიშმა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics