10:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 15:23:50, 641 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს

ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

როგორც კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება, თუმცა "პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს".

"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი:

- საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია;

- სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული ამ კონსტიტუციური დანაწესის შესახებ და ის საქართველოს მთავრობისგან სისტემატურად ითხოვდა თანხმობას როგორც სამუშაო, ისე ცერემონიული ვიზიტების განხორციელებაზე;

- თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მეტიც, განზრახ და უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი.

ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება. 

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics