02:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 10:59:32, 875 ნახვა

მსოფლიო
NY - პრიგოჟინის აჯანყების შესახებ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პრიგოჟინის მცდელობას, შეეცვალა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალის გამოყენებით, შესაძლოა, მხარი სხვა რუსმა გენერლებმაც დაუჭირეს.

"აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრიგოჟინი არ წამოიწყებდა აჯანყებას, თუ არ ეცოდინებოდა, რომ მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები დახმარებას გაუწევდნენ",- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.

აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.

დღეს, 27 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში ჩაფრინდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics