07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 12:34:31, 933 ნახვა

საზოგადოება
ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება - პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომლითაც მკაცრდება ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად:

  • ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, აგრეთვე, სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება ცივი იარაღის კონფისკაცია.
  • ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში იზრდება სასჯელი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

„სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილისთვის, სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთისა. ასევე, მკაცრდება პასუხისმგებლობა ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისათვის - ამ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე ვადით იქნება დაწესებული“,- აღნიშნულია კანონპროექტში.

ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილება შედის ასევე ცივი იარაღის ტარების განმარტებაშიც. კერძოდ:

  • ცივი იარაღის ტარებად ჩაითვლება აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ცივ იარაღს ფლობს იმგვარად, რომ შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზემოხსენებული ცვლილება გამოწვეულია ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზით. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამოვლინდა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტების მნიშვნელოვან ნაწილში დანაშაულის ჩადენის იარაღს წარმოადგენდა ცივი იარაღი. დანით დანაშაულის ჩადენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 53% მკვლელობა/მკვლელობის მცდელობის ფაქტებში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, პოლიციის მიერ, ცივი იარაღის ტარების ყველაზე მეტი - 3289 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, ხოლო 417 ფაქტზე გამოძიება დაიწყო ცივი იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებით





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics