|
2022-10-12 15:03:54, 2424 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭო აღარ აღიარებს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს
ევროსაბჭომ დაამტკიცა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარება,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ევროსაბჭო ვებგვერდზე აქვეყნებს. მათი ცნობით, ევროკავშირის ელჩები დღეს, 12 ოქტომბერს, შეთანხმდნენ მოლაპარაკების მანდატზე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების მიუღებლობის შესახებ. „რუსული სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე, არ მიიღება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტად, ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის. ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკა ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, ევროკავშირი ასევე არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემულ დოკუმენტებს. ამის შემდეგ ევროსაბჭო დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ცნობისთვის, უკრაინა გამოვიდა ინიციატივით, რომ დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი პასპორტიზაციისა და რუსული პასპორტის აღებისთვის. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის მაცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტები გასცა. ეს პრაქტიკა გავრცელდა დონეცკისა და ლუგანსკის არასახელმწიფო კონტროლირებად რაიონებზე 2019 წლის აპრილში, რასაც მოჰყვა ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოკუპირებული რეგიონები 2022 წლის ივლისში. რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა ამ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დარღვევას. ამასთან, ევროკავშირმა უკვე არაერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებები და სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მტკიცედ უარყვეს და ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებისა და ტერიტორიების უკანონო ანექსია, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის უახლესი მოვლენების საპასუხოდ, შემოღებულ იქნა ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების სერია. ევროკავშირმა ასევე სრულად შეაჩერა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)